არ გადართოთ, ქალი მოკლეს
- WeResearch
- Sep 14, 2020
- 3 min read
ამ ბლოგში, ჩემ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შესახებ გიამბობთ, რომელიც ქართული სატელევიზიო მედიის მიერ ფემიციდის გაშუქებას ეხება. ზოგადად, ფემიციდს არაერთი განსაზღვრება აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ცნობილ დეფინიციას დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც, ეს კაცის მიერ ქალის მკვლელობაა, რომელსაც საფუძვლად გენდერული უთანასწორობა დაედო (Redford, 1992; Shalhoub-Kevorkian, 2003). ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას უმეტესწილად მედია გვაწვდის და რადგან საქართველოს მოსახლეობის 69%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა, კვლევის დასაწყისში არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერე (NDI, 2019). რას გვიყვება ტელევიზორი ფემიციდის შესახებ? როგორ გვიყვება? რამდენად იცავს ეთიკურ სტანდარტებს ამბის თხრობისას? სთავაზობს თუ არა მაყურებელს პრობლემის გადაჭრის გზებს? - ეს ის შეკითხვებია, რომელზე პასუხსაც ამ ბლოგში ამოიკითხავთ.
სანამ უშუალოდ ქართული გამოცდილების განხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რომ საკითხის შესწავლის დასავლური პრაქტიკა მრავალფეროვანი და ძირითადად მედიასტანდარტის კრიტიკაზე ორიენტირებულია. მოიძებნება არაერთი კვლევა, რომელიც საკითხის სხვადასხვა ასპექტს სიღრმისეულად განიხილავს და ახალი თეორიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს შემდგომში ფემიციდის ერთი შეხედვით მარტივად გასაგებ მნიშვნელობას სულ უფროდაუფრო აფართოებს და მეტ მნიშვნელობას სძენს. სწორედ ასე შემოვიდა ფემიციდის მედიაგაშუქებაში ანდრეა კრიჟანისა და მარია პოპას თეორია, რომლის მიხედვითაც, გენდერული და დეგენდერული მიდგომა არსებობს. მაგალითად, სიუჟეტი გენდერულია, თუ ფემიციდის გაშუქებისას, ჟურნალისტის მიერ ქალისა და მამაკაცის ფაქტორზე გაკეთდება აქცენტი და ხაზგასმული იქნება, რომ საქმე გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს. ხოლო, დეგენდერულია, პირიქით, როცა სქესისა და გენდერის ფაქტორი არ ჩანს და მაყურებლებს არავინ გვეუბნება, რომ პარტნიორის მხრიდან მკვლელობის პრობლემა ქალებს შედარებით მეტად აქვთ. მნიშვნელოვანი იყო განგვესაზღვრა, ქართული სატელევიზიო მედია ამ ორიდან რომელს უფრო ერგება.
საკითხით დაინტერესება იმან განაპირობა, რომ მხოლოდ 2020 წლის პირველ ორ თვეში 8 ქალი მოკლეს. „საია“-ს თქმით, მკვლელობა ოჯახის წევრის, პარტნიორის, ან ყოფილი ქმრის მიერ იყო ჩადენილი. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2014-დან 2018 წლამდე 135, ხოლო 2019-ში 16 ქალია მოკლული. მსგავსი მოცემულობის გათვალისწინებით, მედიას ფემიციდის გაშუქება მუდმივად უწევს და საყურადღებოა, თუ რამდენად პროფესიონალურად აკეთებს ამას.
კვლევაში ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათი მოსაზრებების ანალიზმა აჩვენა, რომ ფემიციდის გაშუქების თვალსაზრისით, ქართული სატელევიზიო მედია გენდერულობა-დეგენდერულობის ზღვარზე დგას და ერთგვარ შერეულ მოდელს ქმნის, თუმცა რიგ შემთხვევებში მაინც უფრო დეგენდერულობისაკენ იხრება ხოლმე. ეს განპირობებულია იმით, რომ სატელევიზიო მედიის მიერ, ფემიციდი გაშუქებულია როგორც ინდივიდუალური შემთხვევა და არა სოციალური მოვლენა, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში განმეორებითი ხასიათი აქვს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ამასთან დაკავშირებით, სატელევიზიო მედიაში, კონცეფციის დონეზე წინასწარ შემუშავებული ხედვა არ არსებობს და, შესაბამისად, კერძო შემთხვევების დროს უწევთ გადაწყვიტონ, თუ რა პოლიტიკას აირჩევენ. ეს მომხდარზე ერთგვარი სწრაფი რეაქციაა, რომლის გაშუქებაც აუცილებლად მაღალრეიტინგული უნდა იყოს. მათ ზურგს არ უმაგრებთ სახელმწიფოს არსებული ხედვაც, რომელზე დაყრდნობაც ექსპერტების აზრით, კიდევ უფრო სარისკო იქნებოდა.

Comments