თინათინ ხომერიკი: ზეპირი ისტორია - დაკარგული მეთოდის ძიებაში
- WeResearch
- Nov 18, 2020
- 8 min read
But if it is true that the act of observing changes the thing which is observed (...),
it's even more true that it changes the observer.
― Terry Pratchett, Soul Music
ცხრა წლის წინ, როცა ფსიქოლოგიის ბაკალავრიატს ვამთავრებდი და ერთობ ეგზოტიკური სახელწოდების მქონე სამაგისტრო პროგრამაზე ვაპირებდი ჩაბარებას („ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“), ერთ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვისაც კი, ეს პრაქტიკული გამოცდილების მიღების იშვიათი შესაძლებლობა იყო - უნივერსიტეტში კვლევას დაახლოებით ისე სწავლობდი, როგორც საბჭოთა მოსწავლე უცხო ენას - კითხვა, წერა და საბაზისო გრამატიკა უნდა გცოდნოდა, მაგრამ ამ ენაზე მოსაუბრესთან ცოცხალი საუბრის შანსი, დიდი ალბათობით, არასოდეს გექნებოდა და რომც გქონოდა, ცოცხალი მეტყველების გამოცდილების არქონის გამო, ბევრს ვერაფერს გააგებინებდი. მაშინაც და ახლაც, ცოდნის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩემთვის მისი გამოყენებითი პოტენციალია, ამიტომ ცოცხალ კვლევაში მონაწილეობის შანსს დიდხანს ვეძებდი. საბოლოოდ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა.
კვლევა რაოდენობრივი იყო, ასეთ კვლევებს „გამოკითხვასაც“ ეძახიან. „სამსახურეობრივი მოვალეობა“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ კითხვარების დასტით ხელში თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და ტრადიციული უბნის რამდენიმე ქუჩა უნდა მომევლო, ყოველ მეხუთე ბინაზე მიმეკაკუნებინა, კარს მიღმა მდგარი ბინადარი კითხვარის შევსებაზე დამეთანხმებინა და ამის შემდეგ ბადეში გაბმული საბრალო მსხვერპლი დაახლოებით საათნახევარი მეწამებინა შეკითხვებით: „ბოლო სამი წლის მანძილზე სულ რა ოდენობის თანხა გადაიხადეთ აბაზანის საწმენდ საშუალებებში?“ ან: „ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩამოთვლილთაგან რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არაფრისდიდებით?“.
საქმე აზარტული, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოდგა. ვიღაც გიღებდა კარს, ვიღაც - არა. გადმობირების ტექნიკას ზარიდან ზარამდე ვხვეწდი. ვიღაც კარსაც გიღებდა, შიგნითაც გეპატიჟებოდა და მერე აღარ გიშვებდა. მთავარი ხიბლი ის იყო, რომ ისეთ ბინებში ამოვყოფდი ხოლმე თავს, სადაც სხვანაირად ვერაფრით მოვხვდებოდი და ისეთ ხალხს ვესაუბრებოდი საკუთარ მოედანზე და ინტიმური დისტანციიდან, სხვა დროს რომ ვერ შევხვდებოდი.
ყველაზე დასამახსოვრებელ რესპონდენტებს შორის იყვნენ: მხიარული სომეხი დედა-შვილი (ყველა შეკითხვას სიცილ-კისკისით პასუხობდნენ); მოქეიფე ახალგაზრდები, რომლებმაც სუფრაზე მიმიპატიჟეს და კითხვარი არ შემივსეს; მწვავე ნარკოტიკულ აბსტინენციაში მყოფი სპორტულშარვლიანი მამაკაცი (რომელმაც „წამებას“ ხუთი წუთიც ვერ გაუძლო და ბოლოს აღმოხდა, ოღონდ ეგ აღარ შემავსებინო და რასაც გინდა, იმას ვიზამო); ახლახან შვილგარდაცვლილი მომნუსხველი ქალი, რომელიც წინ მეჯდა, ღერს ღერზე ეწეოდა და პასუხებს ძალიან გვიან, სხვა სამყაროდან მცემდა (კარი რატომ გამიღო, დღემდე არ ვიცი. მგონი, არც თვითონ იცოდა) და სოხუმიდან დევნილი მოხუცი, რომელიც ფარღალალა ბინაში ვაშლის კომპოტს ხარშავდა, ასთმისგან განუწყვეტლივ ახველებდა, ერთადერთ დენის ქურასთან ადგილი მე დამითმო გასათბობად და წამოსვლის წინ ძალით გამომატანა საიდანღაც გამოგზავნილი მანდარინები. ერთი კაცი კი, რომელმაც თავიდან კარი ძლივს გამიღო, დამშვიდობების მერე ტრამალ და ტრამალ გამომედევნა მწვანე „ალპენ გოლდის“ ფილით ხელში, იქვე, მეორე სართულის კიბეზე დამეწია და ჩემი ჯილდო ზარ-ზეიმით გადმომცა (არადა, მე თუ მკითხავ, იმ კითხვარის გაძლებისთვის პრიზი აქეთ ეკუთვნოდა).
მოკლედ, თითოეულ „რესპონდენტს“ თავისი ისტორია ჰქონდა, რომელიც ანკეტის ფარგლებს სცდებოდა, მაგრამ ჩემი საქმე ანკეტის შევსება (ან უფრო ზუსტად - „შევსებინება“) იყო. ასეთი „გამოკითხვების“ პირობა კიდევ ის არის ხოლმე, რომ „ინტერვიუერი“ რაც შეიძლება, მიუკერძოებელი უნდა იყოს (პოზიტივისტურ პერსპექტივას ადამიანის ობიექტურობის შესაძლებლობის ღრმად სწამს), ემოციები მოთოკოს და საერთოდაც, წესიერად მოიქცეს. ამას კი პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ „სამუშაო ადგილზე“ ბეჯითად ჩახშობილ შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს და განცდებს სახლში დაბრუნებისთანავე რვეულში ვიწერდი. ასე დავწერე პირველი „საველე დღიური“ ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი.

Comments